პოლიტიკური ფილოსოფია

Just another WordPress.com weblog

Posts Tagged ‘ღირსება

პასუხად ბ-ნ ირაკლი კაკაბაძეს Facebook-ზე

with 3 comments

გამოხმაურება ბ-ნ ირაკლი კაკაბაძის “მრავალჟამიერი – პასუხი დღევანდელ ფაშიზმზე”

ვკითხულობდი ნააზრევს და ერთდროულად რამდენიმე ჩანაწერი გავაკეთე, რომელიც კომენტარებზე გადასვლის შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ნიშანდობლივი მეჩვენა და იმიტომ.

მრავალჟამიერის ტრადიციას, რომელსაც შემთხვევითი შინაგანი სიმწიფის ერი ვერ შექმნის, გამოხმაურებად ქართული სუფრის ეტიკეტის შინაარსსაც დავამატებდი. ამასწინათ ბატონი გიორგი მაისურაძის გამოსვლას ვუსმინე, სადაც არაერთ საგულისხმო გამონათქვამთან ერთად ბოლოში ქართული ლხინის XX საუკუნეში გამანკიერებულ მხარეზეც მიუთითებს.

თან, ჩანს, რომ ბატონი გიორგი მოიკოჭლებს ამ სინამდვილეში ძალიან ღრმააზროვანი და უძველესი ტრადიციის შინაარსის გაგებაში, რომელიც საქართველოში წითელი ნომენკლატურის წარმომადგენლების მიერ მხოლოდ გარეგნულად იქნა მიღებული და მახინჯი ფორმა მიიღო შედეგად. აქედან-თანამედროვე ქართული სუფრის უმსგავსო სახე. და ეს მაშინ, როცა იგი სწორედ, რომ ერთმანეთის პატივისცემის, ღირსების, ურთიერთგაბედნიერების, სხვა და სხვა თვისებათა და აზრთა ურთიერთშეხამების, მოსიყვარულების, გალამაზების, ერთმანეთის ყოფიერების შინაარსის გამშვენიერების ზეიმია და სადაც სამზადისის, დროსტარების, ცეკვის, მღერის, შაირობის, მოქცევის, თავდაჭერის პროცესი ზეაღმტაცი და ადამიანის გამაკეთილშობილებელი დიდებული რამაა. თავისი არსით ესაა პიროვნებათა შეხვედრის ერთ-ერთი უდახვეწილესი ფორმა და ალაგი. ტყუილად არ მიიჩნევდა პლატონი თავის უკანასკნელ ნაშრომში, “კანონები” სუფრას, ლხინს ადამიანისა და საზოგადოების გაუმჯობესების, გაკეთილშობილების, აღზრდის, Paidea-ს ერთ-ერთ უმთავრეს ელემენტად.

ქართული სუფრის პოლიფონიური შინა-არსი (არ შეგვეშალოს ღვინის სმისადმი თანამედროვე სპორტულ ინტერესში. ქართულ ლხინსა და ღრეობას შორის უდიდესი სხვაობაა და ვინც ეს არ იცის, არ ჰქონია ამ სხვაობის დამამტკიცებელ ზეიმზე მოხვედრის ბედნიერება) ისევე, როგორც მრავალჟამიერისა, კიდევ უფრო გენიალური სიღრმითა და ფსიქოლოგიზმით აქვს ნაგრძნობი და გადმოცემული გრიგოლ რობაქიძეს თავის ესეში “რა უნდა აგონდებოდეს ქართველს”:

“ქართულ ვარიანტს პრომეთესი უპირისპირდება ქართული ნადიმი. თუ პირველი მაჩვენებელია ქართული საფრთხესი, მეორე გვევლინება, როგორც ცდა ამ საფრხთის აცდენისა. ქართულ ნადიმზე, რომელსაც ბადალს ვერსად მოუნახავ, ყოველი მოლხინე რომელიმე მხრით “პირველია”: ერთი როგორც მომღერალი, მეორე როგორც მროკავი, მესამე როგორც მორკინალი, მეოთხე როგორც მჭერმეტყველი, მეხუთე როგორც მოშაირე, მეექვსე როგორც მასწავლებელი, მეშვიდე როგორც უზადოდ ნაკვთიერი და ლამაზი: და ასე ბოლომდე სუფრის ირგვლივ. ჰყავს რომელიმე მათგანს აქ მოქიშპე, მაშინ მისი “პირველობა” იმ ნიშნით გამოჰყავთ, რომლითაც იგი მოქიშპესაგან გამოირჩევა. თუ ვინმე არც მომღერალია, არც მროკავი, არც მორკინალი, არც მჭერმეტყველი, არც მოშაირე ,არც მასწავლებელი, არც უზადოდ ნაკვთიერი და ლამაზი – მესიტყვე რაღაცას მაინც გამონახავს მასში, “თავმოსაწონს”, რაიცა მისებურ სხვას არ ახასიათებს: ან ერთგულებას, ან გაბედულებას, ან სიმამაცეს, ან კიდევ სხვა რამეს. ქართული ნადიმი, ამრიგად, “ქეიფი” კი არა უბრალო, ანუ “დროსტარება”: იგი კულტია ნამდვილი, საცა შეხვედრა კრებულში პოლიფონიურ იმართება. ამ “პოლიფონიურობით” იცდენს ქართველი თავისს საფრთხეს: განკერძოებას, განაპირებას, განთიშვას, განდგომას. საკვირველი არაა, თუ რატომ აფასებენ ქართველნი ასე დიდად ნადიმის ხელმძღვანელს: თამადას. “პოლიფონის” გამყვანელი იგია და როგორც ასეთი, ნამდვილი ხელოვანი, ხელოვანი ყოფის მოგვარებისა. გამჭრიახი გონი, ცოდნა პსიხოლოგიური ნიუანსებისა ხასიათთა, მოზომვა “სმურის”, სიდინჯე, შემარიგებელი ტონი შეხლა-შემოხლისას, ტაქტი, ეს უწინარეს ყოვლისა – აი დამახასიათებელნი თვისებანი ნამდვილი თამადისა.

ეს: სუფრაზე. სახალხო ასპარაზზე? აქაც მმართველი იგივე “თამადაა”, ხოლო იმ განსხვავებით, რომ მას მცირე ჯგუფთან მოლხინეთა კი არა აქვს საქმე, არამედ მთელს ერთან, რომლის ბედი მისი კიდე – სიგანით მან უნდა წარმართოს. ადვილი წარმოსადგენია, თუ რამდენი სიძნელის გადალახვა მოუხდება მას. სძლევს ქართველი თავისს არსში პრომეთეულ საფრთხეს, იგი ამით მართებულად განფენს თავისს “თავმოსაწონ” ნიჭს, ბუნებისაგან ბოძებულს. მეორე მხრით, იგი ამითვე გაუადვილებს მმართველს “საქმეს” ერის ბედის წარმართვაში. საფრთხე იგი, ცხადია თავისთავად, კიდევ უფრო მძაფრად უნდა ჰქონდეს ძლეული თვითონ ხელისუფალს, რათა მისი “ხელი”, მმართველი, “მწიფედ” იქცეს”.

აპრილი, 1952
გრიგოლ რობაქიძე
ჟენევა

წყარო: კარლო ინასარიძის გამოცემა: გრიგოლ რობაქიძე. კრებული, მიუნხენი 1984 გვერდები 1-4.

ესე იგი, მიუხედავად კრიზისული პერიოდებისა, თავისი არსებობის მანძილზე ქართველი ერი იმყოფებოდა იმ სულიერ სიმაღლისა და შეგნების მდგომარეობაში, რომ შექმნა მსგავსი ცნობიერების მატარებელი მშვენიერი ტრადიციები. ასეთი ჯანსაღი მექანიზმების ყოველდღიურ ნორმად, წესად დანერგვა რომ არა, ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერი აქამდე ვერ მოვაღწევდით. ეს იმასაც ნიშნავს, რომ საკუთარი ერისადმი ნიჰილისტურ-უარყოფითი დამოკიდებულების (ისევე, როგორც გადაჭარბებულ-გაზვიადებული მიმართების) მაგივრად არა მარტო უნდა დავაფასოთ ჩვენეული კარგი და ჯანსაღად მივუდგეთ მას, არამედ წინ უნდა წამოვწიოთ კიდეც, რათა ჯანსაღ საფუძვლისავე სასიკეთო საქმეებად გარდაქმნა და განხორციელება მოხდეს ყოველდღიურ პრაქტიკაში.

ბახის ფუგაც იგივე შინაარსის პოლიფონიურობითაა შექმნილი; ბუნებაშიც იგივე პოლიფონიური ჭეშმარიტება სუფევს, სამყარო ამ მრავალხმიანობით სუნთქავს. მაგალითისათვის საკმარისია თვითონ სინათლის რაობაც, რომელსაც არაერთი გამოჩენილი ადამიანი ეძიებოდა (ნიუტონის, ლაიბნიცის, გოეთესა და სხვათა ოპტიკური კვლევები). სინათლის თეთრი ხომ სხვა და სხვა ფერის ურთიერთშეხამებული ქრომატიული პოლიფონიაა? საზოგადოებრივ ურთიერთობებში “გადათარგმნილი” და გამოყენებული ეს ჭეშმარიტება კი სხვა არაფერია, თუ არა ადამიანებში სინათლის ზეიმი.

ასევე, დავამატებდი შენიშვნას დიალექტიკასთან დაკავშირებით: ტოტალიტარულ და ჩვენს შემთხვევაში, საბჭოთა იმპერიისა და მის ნეოკომუნისტურ რეალობებში დიალექტიკის ძველანტიკური და ჰეგელიანური გააზრება რომ ყოფილიყო, რა გვიჭირდა მაშინ? ტოტალისტურ სისტემებში დიალექტიკად საღდებოდა ის, რაც სინამდვილეში განსხვავებულ აზრზე ძალადობა და ცალმხრივი ტირანია იყო. დიალექტიკა კი პირიქით, ზუსტად რომ ერთ დიდ პოლიფონიურობას ნიშნავს, რადგან მის წიაღში განსხვავებულობები ერთმანეთს შეგნებულად, შინაგანი სიმწიფით, ურთიერთპატივისცემით “ესაუბრებიან”, საერთო შეხების წერტილებს პოულობენ, ერთმანეთს ეხამებიან და ჰარმონიულ ერთიანობად ყალიბდებიან ისე, რომ არათუ არ ჰკარგავენ საკუთარ იდენტურობას, არამედ ამ მრავალხმიანობაში ხვეწენ და ავითარებენ კიდეც მას. აქედან, დიალექტიკის მრავალფეროვნების მომცველი პოლიფონიური ერთობა. უფლის მიერ შექმნილი სამყარო დიალექტიკურია და ამ უკანასკნელის მამოძრავებელ-ჩამომყალიბებელი ძალა არის სიყვარული, სიცოცხლე, სიმართლე, სიკეთე და არა ბოროტება, ძალადობა, სიცრუე, კვდომა.

პუბლიკაციის კითხვისას გამიჩნდა ასეთი აზრი და კომენტარებზე გადასვლილას “ულრიკე”-საც დაუსვამს საკითხი კონსტიტუციური კანონის უზენაესობის შესახებ. ანუ პოლიფონია, მრავალხმიანობა საზოგადოებრივი ურთიერთობების საფუძველი კი არ უნდა იყოს, არამედ მათი განხორციელების ფორმა.

აი, რატომ: ვთქვათ, მრავალხმიანობის პრინციპით საზოგადოებაში დავუშვი დესტრუქციული ელემენტებიც, რომელნიც რა თქმა უნდა, რადიკალულურად განსხვავებული აზრისა და მოქმედების მატარებლები არიან და რეალურად საზოგადოების არსებობისათვის საფრთხეს წარმოადგენენ (გასაგებია, აქ საკამათო არაა ის, რომ ხელოვნურად და უსამართლოდ მტრადგამოცხადებულ ადამიანებთან მათი შედარება არ შეიძლება). მაშინ, საბოლოოდ აქ სხვა გამოსავალი არ რჩება, თუ არა კონსტიტუციური წესრიგის ამოქმედება. თუმცა, საზოგადოება, თითოეული ადამიანი საკუთარ თავს რომ სრულყოფდეს, სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარით შინაგანად იყოს ორიენტირებული ზნეობაზე, მაშინ ადამიანთაშორის ურთიერთობებიც ჯანმრთელნი იქნებოდნენ და საზოგადოებაც თავისუფალი იქნებოდა კონსტიტუციური რეპრესიისაგან, რამეთუ ადამიანებს შინაგანად ექნებოდათ დამარცხებული თავიანთი ქვენა გრძნობები. პიროვნული თავის-უფლება ერის ჯანსაღი თავის-უფლების საწინდარია. რა თქმა უნდა, ეს უტოპიაა, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ თანამედროვე უტოპიები რეალურად განხორციელების შესაძლებლობასაც ითვალისწინებენ.

ესე იგი, კონსტიტუციური წესრიგი არ არის საკმარისი და არც საბოლოო გამოსავალს წარმოადგენს (ეს უფრო ქაოსის მეტ-ნაკლები ეფექტურობითა და გარკვეული დროის მანძილზე მომწესრიგებელი მექანიზმია), რადგან ასეთი კანონი მაინც გარეგნულია და გარეგნულად აგვარებს, აჩერებს შესაძლებელ, თუ უკვე მომხდარ უწესრიგობას. მასზე უფრო ღრმა გამოსავალი არის სწორედ შინაგანი კანონი, რომელიც ადამიანის სულიერი და ზნეობრივი სრულყოფის ბარომეტრია. კანტის “მორალის მეტაფიზიკის საფუძვლებში” ამას კატეგორიული იმპერატივი ეწოდება. აი, ამ ძირეული საწყისიდან გამომდინარე მესმის პოლიფონიური, მრავალხმიანი ჰარმონიის განხორციელება ადამიანთა და ერთაშორის ურთიერთობებში.

და ბოლოს: არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ხშირად მუსირებს და ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. ეს იდენტობის მომენტია. ვფიქრობ, არაა მართებული, როდესაც ქართულ იდენტობას ეწინააღმდეგებიან. საბრძოლი ის დაუშვებელი, უმსგავსო და მახინჯი თვისებებია, რომელთა ქართველობისათვის მიწერას და ამით ქართველობის შერყვნას ცდილობენ ვაიქართველები (მსგავსნი, ნებისმიერი ერის წიაღშიც რომ იყვნენ, იგივენაირად მოიქცევიან). საჭიროა იდენტურობისადმი ჯანსაღი და ობიექტური მიმართება, არა ნიჰილიზმი და სკეპტიციზმი. ქართველობის მოზომილი და ჯანსაღი აღქმა საამაყოა, რაც ჩემში სხვა ერების მიმართ ღირსეული დამოკიდებულების გამომუშავების საფუძველს წარმოადგენს. ქართველობა არა მარტო საბედნიეროა, არამედ საპასუხისმგებლოცაა. ეროვნული იდენტობით უპასუხისმგებლო სიხარული ამპარტავნებაში გადადის და ფაშიზმად იქცევა ისევე, როგორც მისით გაუხარელი პასუხისმგებლობით შემოფარგვლა იწვევს ერის შემადგენელ პიროვნებათა დამამძიმებელ დეგრადაციას.

ბატონო ირაკლი, მესმის, რომ სამართლიანად ეწინააღმდეგებით ეროვნული იდენტურობით მანიპულირებისა და ხალხის უგზო-უკვლო დამღუპველობით აზვირთებას. სავსებით გეთანხმებით ამ მიმართებაში. თუმცა, დამაფიქრა იმ მომენტმა, როდესაც თბილისში, საპრეზიდენტო რეზიდენციის წინაშე ჩატარებული აქციისას სრულიად მართებულ განაცხადებთან ერთად ამბობდით, რომ ხართ მსოფლიო მოქალაქე, მაგრამ იქვე არ ახსენეთ, რომ ხართ ქართველიც.

ვაჟა-ფშაველას შემდეგ ხომ ცნობილია, რომ ეროვნულობა და კოსმოპოლიტიზმი არათუ  არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, არამედ ერთურთსაც ავსებენ, ამტკიცებენ? ასე რომ, პრობლემას ეროვნულ იდენტურობაში კი არა, მის არაადამიანურ დამახინჯებაში ვხედავ. თუკი ეს საფუძველი გამართული იქნება, სტანდარტიც სანიმუშო გამოვა. შედეგად, რამდენს და როგორ მიიღებენ აქედან, ეს უკვე თითოეულის შეგნებისა და მოთხოვნილების საკითხია.

მწამს, ვგრძნობ და ვფიქრობ კიდეც, რომ ჰუმანურ მრავალჟამიერში ადამიანებისა და ერების მეობა კიდევ უფრო დადებითად ვითარდება, იზრდება, რადგანაც შინაგან თავის-უფლებასა და სრულყოფას ემყარება. ეს კი ისევ და ისევ სხვა არაფერია, თუ არა პიროვნების შინაგანი გა-ნათლ-ება (გინდა სარწმუნოებრივი, გინდა ეგზისტენციალური, გინდა ინტელექტუალური გააზრებით). სხვაგვარად საქმე ოდენ სიცრუესთან გვექნება და შედეგად მხოლოდ ძალადობას მივიღებთ.

Written by georgianeli

აგვისტო 28, 2010 at 3:39 AM

Posted in Uncategorized

Tagged with , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

კავკასია და ფიქრები პოლიტიკურ ფილოსოფიაში

leave a comment »

* * *

ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად და კულტურულად განხორციელებული კავკასიური თავმოყვარეობისა და ღირსების გრძნობა ნებისმიერ უსამართლობასა და იმპერიულ ძალმომრეობაზე საბოლოო გამარჯვების ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

* * *

ღირებულებების აღრევისა და პოლიტიკის ცნების დამახინჯების პირობებში პოლიტიკას იქ უფრო შეხვდები, სადაც ამას არ მოელი.