პოლიტიკური ფილოსოფია

Just another WordPress.com weblog

ფილადელფიის ეკლესია და სიყვარულის სამი სახე

leave a comment »

ფილადელფიის ეკლესიის უკეთ გაგებისათვის მნიშვნელოვანი და არსებითია ის სახისმეტყველური შინაარსი, რომელიც დევს ამ სიმბოლოში: ფილადელფია შედგება ორი სიტყვისაგან – ფილეო და დელფოს. დელფოს ბერძნულად ნიშნავდა ძმას. ფილეო კი ერთ-ერთი სახის სიყვარულია ძველბერძნული სამი ტიპის სიყვარულს შორის: ეროს, ფილეო და აგაპე.

პირველი (ეროს) ცალმხრივია, უფრო საკუთარი თავიდან გამომდინარეობს, სადაც საკუთარი შინაგანი სამყაროს აბსოლიტიზირება ხდება (სოლიფსიზმის მსგავსი რამ, ოღონდ გრძნობების დონეზე) და გამოხატავს პიროვნების მისწრაფებას სასურველი მიზნის, საგნის, თუ ადამიანისადმი. ითვალისწინებს სასურველის მხოლოდ აქეთ მიღებას. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელობა ამ პრინციპზე დგას, სამწუხაროდ და იმ ზნეობრივი სწრაფვის მატერიალური გაუკუღმართებაა, რომელსაც ჯერ კიდევ სოკრატე-პლატონური გაგების ეროსთან ჩაეყარა საფუძველი. ამ უკანასკნელთა მსოფხლმედველობის მიხედვით, ეროსი არის კაცის მისწრაფება უფრო ამაღლებულის, სულიერი მშვენების, სიკეთისკენ მიმართულ გზაზე ამ მარადიულ საწყისთა საკუთარ თავში შეძლებისდაგვარად მოხვეჭისა და დატევის მიზნით (გავიხსენოთ რუსთველისეული “სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა“, რომელიც ჰომეროსისეული, ძველანტიკური წარმოშობის თეზაა. ღირსეული პიროვნებების საზოგადოებაში კი სახელს ვერ მოიხვეჭ, თუკი არ ელტვი ამაღლებასა და სიქველის, როგორც სულიერი საგანძურის, თავის თავში დაგროვებას).

ახალი აღთქმიდან მოყოლებული ხდება ძველანტიკური და ძველაღთქმისეული ეროსის დაძლევა და შემდეგ, უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლა. აქედან ფილეო და აგაპე.

ფილეო ორმხრივი, ჰოზირონტალური ხასიათისაა და კაცთა შორის გაზიარებულ სიყვარულს ნიშნავს. იგი მეგობრული და სულიერი და-ძმური ურთიერთობების ბალავარია. ამ განზომილების უმთავრესი პრინციპია “შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი” (მათე, 22, 29. მარკ. 12, 32. იოანე 15, 12) და “იყუარებოდით ურთიერთას” (იოანე 15,17). ასეთი სიყვარული მოყვასის სიყვარულის კონკრეტული და ამაღლებული პრაქსისია, რაც კაცთა ერთობას საზოგადოებად გარდაქმნის (მასის, ცხოველური ცნობიერებისა და მისწრაფებების მქონე არსებების ერთობისაგან განსხვავებით), ხოლო ერს კი – წმინდა სამების დასავანებელ ტაძრად, ბარძიმად, ეკლესიად. ღმერთი სწორედ, კაცთა ისეთი ერთობის მაკურთხებელია, სადაც ფილეოს წყობის ურთიერთობებია. ეკლესიური ერი კი საუკეთესო საზოგადოებრივ მოდელს წარმოადგენს.

სახარებაში ფილეოს უზენაესი სახეა ქრისტესა და ლაზარეს ძმური სიყვარული. იგივე ტიპის დამოკიდებულებას ვხვდებით მაცხოვარსა და მოციქულებს შორის.

აზიის შვიდი ეკლესია, მოზაიკა წმინდა მარკოზის ბაზილიკიდან, ვენეცია

ფილეოს სახის სიყვარულში უკვეა ჩასახული კიდევ უფრო მეტი სიმაღლის დამოკიდებულება-აგაპე. არსით იგი ეროსის საპირისპიროა, რადგან თავის მოყვასისთვის გაღებას ეფუძნება. ძველბერძნული ცნობიერებისათვის უცხო იყო ეს ცნება და ჯერ ელინურ, ხოლო შემდგომში ნეოპლატონურ და შუასაუკუნეობრივ სამყაროში ბიბლიური წიაღიდან შევიდა. აგაპე ფილეოს, მეგობრულ სიყვარულზე კიდევ უფრო სრულყოფილი და მომწიფებული სახეა; უფრო მეტია, ვიდრე ადამიანური სიყვარულის ნებისმიერი ფორმა და ამგვარად, ვერტიკალური ხასიათისაც შეიძლება იყოს.

თუკი სოკრატე-პლატონური გაგების ეროტიულ სიყვარულში ადამიანი მიესწრაფვის იმის შეძლებისდაგვარად მეტი დოზით მიღებას, რაც აკლია (უკეთეს შემთხვევაში მშვენიერებას, სიკეთეს, სინათლეს, სიყვარულსა და ასე შემდეგ), აგაპე პირიქით, აქეთ მოხვეჭა-მოღვაწებას კი არ ელტვის, არამედ იქით გასცემს სრულიად უსასყიდლოდ. თუკი ეროსი ადამიანის სწრაფვაა პირველსაწყისისაკენ, ყოვლისდამბადებელი ღმერთისაკენ, აგაპე თვითონ სულიწმინდიდან გამომავალი მადლია და უფლის კაცის მხარეს დგომას გამოხატავს, უფლის კაცისადმი უანგარო სიყვარულის არსობრივი გამოვლინებაა. სწორედ, ამ აგაპეობრივი სიყვარულის გამოხატულებაა კაცობრიობის ისტორიის ის უდიდესი სასწაული, რაც მამა ღმერთის მიერ მაცხოვრის ჩვენს შორის მოვლინება და განკაცება იყო. რუსთველისეული “რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია“-ც ამ სახარებისეულ სიბრძნეს ემყარება. სიყვარულის ეს სახე სიკეთეს არ სჩადის იმისათვის, რომ რაიმე მიიღოს საზღაურად. აგაპე პირველი ორი სახის სიყვარულს აღემატება და შესაბამისად, სიყვარულის ყველაზე სრულყოფილ ტიპს წარმოადგენს. ამიტომ, მასში თვით პირადი მტრის სიყვარულიც (ლუკა 6, 27) კი მთავარ ქრისტიანულ პრინციპს წარმოადგენს.

აგაპეობრივი სიყვარული არის ისეთი განზომილება, რომელიც რწმენის სამყაროს მიეკუთვნება და ფილოსოფიურ ცნობიერებაზე მაღლა დგას. ეს სარწმუნოებრივი და პოეტური წყობის სივრცეებია. ოდენ ამ ხარისხამდე მიღწეულ კაცს თუ შეუძლია იობივით განჭვრიტოს უფლის სიყვარულის კვალი მის თავს მოვლენილ განსაცდელსა და სიხარულში. აგაპეობრივი სიყვარულის ძალაა, რომ ბადებს წინასწარმეტყველებში იმ სულიერ პასუხისმგებლობას, უთხრან ადამის მოდგმას არა ის, რისი გაგებაც ამ უკანასკნელს უნდა და სიამოვნებს, არამედ ის, რაც აუცილებელია და მართებული კაცთა სულის სახსნელად.

Written by georgianeli

January 1, 2012 at 6:58 pm

Posted in Uncategorized

Tagged with , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: