პოლიტიკური ფილოსოფია

Just another WordPress.com weblog

უტოპია, იდეოლოგია და განათლება

leave a comment »

გამოხმაურება ირაკლი კაკაბაძის, დუდანა მაზმანიშვილისა და გიორგი მაისურაძის დისკურსზე განმანათლებლობის შესახებ

ახალი ეპოქის დაბადების დროინდელი უტოპიები განსხვავდებოდნენ თანამედროვე უტოპიებისაგან, რადგან პირველნი სასურველ და უმეტესწილად აუსრულებელ მიზნებს წარმოადგენდნენ მაშინ, როცა თანამედროვე უტოპიების განხორციელების შესაძლებლობა გაცილებით უფრო მეტად გაიზარდა. უტოპია არის აზროვნების სისტემა, რომელიც განხორციელებამდე უპირისპირდება მანამდე გაბატონებულ იდეოლოგიას, მაგრამ თვითონ ხდება რა რეალობა, მაშინ უტოპია იდეოლოგიად იქცევა და შეუძლია სხვა იდეების, უტოპიების დევნა (რისი არაერთი მაგალითი არსებობს ისტორიაში). ამ შემთხვევაში, სრულიად საცნაური ხდება თომას კუნის მეცნიერული რევოლუციებისა და პარადიგმათა სქემის ისტორიული მოქმედება, სადაც ასევე კაცობრიობის თავგადასავლის გარკვეულ ეტაპზე პარადიგმის სახით ყალიბდება მართალია, ჯერ კიდევ არასრულყოფილი, მაგრამ მაინც მეცნიერული თეორია, ან თეორიათა სისტემა. ეს უკანასკნელი მოიცავს საკუთარი თავის ჩამოქნამდე მიმდინარე კვლევების უდიდეს უმრავლესობას და მათ გარკვეულ აზროვნებათა სქემა-მიღწევებს ერთმანეთში საერთოს უძებნის, რითაც შესაძლებელი ხდება გარკვეული ისტორიული პერიოდით ამ პარადიგმით სისტემის ამოქმედება და შედეგების მიღწევა. თუმცა, რადგანაც არასრულყოფილია და გააჩნია ბზარი, დროთა განმავლობაში შედის კრიზისში და პარადიგმის არასრულყოფილ წიაღში ჩნდება წინააღმდეგობა (თქვენი დისკურსის შემთხვევაში მას შეიძლება უტოპია, ან გარკვეული აზრი დავარქვათ), შემდეგ ძლევს იმ წიაღის მომცველ პარადიგმას, აზროვნებათა სისტემას, რომელშიც თვითონ იშვა და თვითონვე იქცევა ახალ პარადიგმად, იდეოლოგიად. თომას კუნის ნააზრევის გამოყენებით ასეთია იდეოლოგიათა ცვლილებების სტრუქტურა.

გამოსავალი, დუდანას სავსებით მართებული ინტუიციური წვდომიდან გამომდინარე, ადამიანის შინაგანი სამყაროს ჰარმონიულ განვითარებაშია, რაც წვრთნა კი არაა მხოლოდ, არამედ გა-ნათლ-ებაა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. პატარობიდანვე შემოქმედებითობის, ორიგინალურობის, კრიტიკული აზროვნების, შემწყნარებლობის, სამართლიანობის, კაცთმოყვარეობის, სიკეთის, პასუხისმგებლობის ჩასახვა და ამ თვისებების წინწაწევა ბავშვში. ამის შესახებ ძალიან კარგია დიდი იტალიელი ჰუმანისტისა და პედაგოგის, ვიტორინო ფელტრელის (Vittorino da Feltre) მიერ ჩამოყალიბებული სკოლის (Ca’ Gioiosa-“სიხარულის სახლი”) მოდელის გაცნობა.

სხვა თუ არაფერი, ისტორიული მნიშვნელობითა და განზომილებით რომ განვიხილოთ, პლატონის ყველაზე დიდი სტრატეგიული ნაბიჯი კაცობრიობის განვითარების საქმეში იყო სწორედ მისი აკადემიის ჩამოყალიბება, რომელმაც მთელი ელინური ცივილიზაციის წარმოქმნის საქმეში ლომის წვლილი შეიტანა. არადა, გავლენიანი არისტოკრატიული ოჯახის წარმომადგენელი იყო, შესანიშნავი განათლება ჰქონდა, შეეძლო არანაკლები პოლიტიკური კარიერაც წამოეწყო, ცნობილია მისი საზოგადოების გარდაქმნითი მცდელობებიც სირაკუზასა და ათენში. თან, მისი ცხოვრების ხანა ათენის ძლიერების ზენიტის თანამედროვეა, როდესაც პერიკლეს კეთილგონივრულმა მმართველობამ იონიის საზღვაო იმპერიის ეს ცენტრი აქცია ცოდნითა და ძლიერებით მაშინდელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე კერად. მაშ, უკეთესი რა უნდა ენატრა ათენელს, ხომ? მაგრამ პლატონი მიხვდა კიდევ უფრო არსებითს, რომ არ არის საკმარისი ქვეყნის გარეგნული ძლიერება, თუ შინაგანი ზნეობრივი საფუძველი არაა ჯანსაღი და მტკიცე. ეს ლიბო რომ მოიკოჭლებდა, სოკრატეს სიკვდილმაც დაამტკიცა. შესაბამისად, პლატონის გენიაც ისაა, რომ ერთურთისგან განასხვავა ვიწრო პოლიტიკური გაგებით მიღწეული გარეგნული და ისტორიის მხოლოდ მოკლე მონაკვეთზე მიღწეული წარმატება და საკუთრივ საზოგადოების აღმზრდელობითი გაუმჯობესების მეშვეობით განხორციელებული გრძელვადიანი სრულქმნა. შესაბამისად, ადამიანისა და ერის ზნეობრივი გაუმჯობესება განათლებაა: ერთ-ერთი საუკეთესო და ჭეშმარიტი პოლიტიკა, რომელიც კი საერთოდ შეიძლება არსებობდეს.

= P.S. =

იქვე:

კონსონანსსა და დისონანსთან დაკავშირებით საინტერესოა თვითონ ბახის მიმართება მუსიკისადმი. განსაკუთრებით ეს ხდებოდა ფუგასთან დაკავშირებით. იგი მუდამ ამახვილებდა ყურადღებას იმაზე, რომ საკრავები ადამიანებად ყოფილიყვნენ მოაზრებულნი და შესაბამისად, მომხდარიყო ამ “ადამიანების” სხვადასხვაგვარობის ერთმანეთთან შეხამება, ურთიერთშეწყობა, შემხატკბილება, გაჰარმონიულება, რომლის გარეშეც ეს სხვადასხვაგვარობები წარმოშობდნენ ქაოსს. იგივე მიმართება საზოგადოებრივ ცხოვრებას, პოლიტიკას, ეკონომიკასაც შეგვიძლია მივუსაგადოთ, რაც არახალი მოვლენაა და პოლისის შიგნით ადამიანთა და ჯგუფებს შორის ურთიერთობათა მოწესრიგების ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში წარმოშობილი პრობლემატიკაა. ბახის მუსიკისადმი (ზოგადად ხელოვნებისადმი) და საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი ასეთი პოეტური მიდგომის ტექნიკური გამოყენების მაგალითი კინოშიც გაგვაჩნია ეიზენშტეინისა და ოთარ იოსელიანის მიერ. თანამედროვე მუსიკაში, მაგალითად, როკში ჯგუფი Deep Purple თავის “Lazy”-შიც იყენებს მსგავს სქემას, როცა თავიდან ქაოსურად იწყებს კომპოზიციას და შემდეგ ჯაზური ჯემის ჰარმონიაში გადადიან.

Written by georgianeli

August 26, 2010 at 12:57 am

Posted in Uncategorized

Tagged with , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: