პოლიტიკური ფილოსოფია

Just another WordPress.com weblog

კამათი, თუ საუბარი?

leave a comment »

კამათი, პოლემიკა (polemos-ძველბერძნული ომისა და სამოქალაქო დაპირისპირების ღმერთის პერსონიფიკაცია) კონფლიქტური ხასიათის დიალოგი და განწყობაა; თავისი ბუნებით კი კონფლიქტი მუდამ დამანგრეველი, დესტრუქციულია და არასოდეს კონსტრუქციული, აღმამშენებლობითი (აქ შეგვიძლია გავაცნაუროთ დავით აღმაშენებლის ფსიქოლოგიური გენიაც და იმისიც, ვინც ჩვენს უდიდეს მეფეს უწოდა ასე, ორივე მიხვდა ქართველი ერის ამ სასიცოცხლო მომენტის საჭიროებას და ქართველთა ოქროს ხანის განმხორციელებელი ხელმწიფე თანამედროვე გაგებით ეროვნული ენერგიების გენიალურ მენეჯერადაც შეიძლება მოვიაზროთ). შედეგად ოდენ ნეგატივი მრავლდება. შეიძლება ბევრი მართებული მოსაზრებაც დაიფრქვეს, მაგრამ რა ამით? ის, რომ ორივე მხარე მაინც სხვა და სხვა ნაპირზე დარჩება და მორჩა. მაშ, რამდენი, თუნდაც მართალი აზრი არ უნდა იქნას გამოთქმული კონფლიქტური დიალოგის დროს, საბოლოო სინამდვილე ისაა, რომ ყველა თავ-თავიანთ მხარეს რჩება და საერთო აზრი, აზროვნებით მაკავშირებელი ხიდი არ იდება ორთა შორის. რატომ? იმიტომ, რომ თავიანთი სიმართლის გატანის იდეით უფრო არიან შეპყრობილნი, ვიდრე ერთმანეთის მოსასმენად. სიმართლე არ არის საკმარისი და არც ის, რომ გაიტანო საკუთარი სიმართლე, თუკი იგი კეთილგონივრულად არ იქნა გაზიარებული სხვადასხვათაგან. როცა ერთურთს აპყრობენ გულისყურს, ორივე მხარის შინაგან სამყაროებს შორის გაცილებით უფრო მტკიცე ხიდი იდება და რა არის ეს კეთილი პროცესი, თუ არა ღვთის წყალობის გამრავლება, მოფენა ადამიანებს შორის? აი, ასეთია მშვიდობის სიღრმე, სიბრძნე და ძალა, რომელსაც საფუძვლად მხოლოდ სიყვარული და სიყვარულის სიმამაცე უდევს. აი, ამიტომ განსხვავდება კამათისაგან საუბარი, რომელიც თავისი ბუნებით კეთილგონივრულ შეთანხმებამდე მიმავალი საშუალებაა და არა მარტო კონფლიქტების (ინდივიდუალური, თუ საზოგადოებრივი წინააღმდეგობები) ჩასახშობადაა მიმართული, არამედ კეთილი სიტყვის განხორციელებისთვისათვის აუცილებელ ლიბოსაც წარმოადგენს. ესე იგი, საუბარი სი-კეთ-ეა, ანუ კეთილგონივრული საუბარი უკვე ნახევარი საქმეა. 

დიალოგი, როგორც საუბრის ფორმა, სოკრატემდე იქნა მოგონილი, მაგრამ თუკი სოფისტები სიტყვის დამარწმუნებელი ფუნქციით იფარგლებოდნენ და ადამიანების თავის აზრზე გადაბირებას ცდილობდნენ, სწორედ სოკრატე იყო პირველი, ვინაც შეცვალა ეს დამღუპველი სიბეცე და დიალოგს კონსტრუქციული მიმართულება მიანიჭა. პლატონის მოძღვრისთვის მთავარი წინდაწინ სხვისთვის თავისი სიმართლის დამტკიცება კი არ იყო, არამედ თანამოსაუბრესთან ერთად საუბარში ჭეშმარიტების შობა, სიმართლის გამრავლება, ჭეშმარიტებაში საერთო თანამონაწილეობა, ჭეშმარიტებაში დამეგობრება და მასში ერთად კიდევ უფრო მომწიფება, რათა ამის შემდეგ კეთილი სიტყვა საქმედ ქცეულიყო და კეთილი ნაყოფი მოეცა როგორც თავისი, ასევე მისი თანამოსაუბრის ცხოვრებაშიც. ქრისტიანებისათვის ეს ღმერთში მყოფობის ალუზიაა.

აქედან: კამათისაგან განსხვავებული საუბარი, როგორც საზოგადოების ზნეობრივი გაუმჯობესების ერთ-ერთი მეთოდი, საშუალება, რომელიც ეროვნული მოძრაობის ქვაკუთხედადაც მიმაჩნია. კონსტრუქციული ურთიერთდამოკიდებულებისა და კონკრეტული შედეგების მიღებისაკენ ორიენტირებული განწყობა და მოქმედება უნდა იყოს ყველა ჩვენთაგანის მოღვაწეობის საწყისი. და რაც მთავარია, არა მარტო სიტყვაზე, არამედ საქმეზეც, რადგან როდესაც შინაგანი განწყობა საპირისპირო ბუნებისაა, იქ არც სიტყვა იქნება უკეთესი რაობის. რატომ ვამბობ ამას? კაცობრიობის უდიდესი შვილები სწორედ რომ კონსტრუქციულ და არა კონფლიქტურ, მოკამათე დამოკიდებულების მატარებლებს წარმოადგენდნენ, რითაც ცნაურდება მათი ბუნებრივად დიდი ფსიქოლოგიური ნიჭი და სიმწიფე. აბრაამ ლინკოლნისა და შარლ დე გოლის პოლიტიკური, თუ პიროვნული მოქმედებების მახასიათებელს მოწინააღმდეგე აზრის მქონეთა და თვით მტერთა მეგობრებად მოქცევის თვისება წარმოადგენდა. ფრანგების ღირსება და საამაყო პრეზიდენტი შემთხვევით არ ამბობდა, რომ მან თავისი მტრები დაამარცხა-ისინი მეგობრებად იქცია. ანუ მტრებს კი არ იმრავლებდა და კიდევ უარესი-მეგობრებს კი არ იცილებდა და იმტრობდა, არამედ შეძლებისდაგვარად მტერში მტრობას ამარცხებდა. კი, ბატონო, არ არის ადვილი და ამას მხოლოდ საკუთარი თავის ხელმწიფენი აღწევენ. ზუსტად იგივე ნიჭს ფლობდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, რომლებიც შეურიგებელნი ბოროტებისადმი იყვნენ და არა ადამიანებისადმი. თუმცა, რომ შესძლებოდათ, ალბათ, თვითონ ბოროტებასაც მოაქცევდნენ, რაც მაინც უფრო ღმერთის პრიორიტეტია და თუ ეს ასე არ ხდება, მისი წმინდა ყოვლისშემძლეობის სისუსტის ბრალი კი არაა, არამედ ადამიანთადმი მიკუთვნებული თავისუფალი არჩევნის შედეგი.

საქართველოს უახლესი ისტორიული რეალობიდან ზვიად გამსახურდიას მაგალითი მიტომ მომყავს, რომ არაერთხელ დაუფიქსირებია სხვა და სხვა აზრთა შორის დიალოგისა და ერთმანეთში საერთო აზრის გამონახვის მნიშვნელობა, რომელსაც სასიცოცხლოდაც მიიჩნევდა და ქართველი ერის გამაერთიანებელ, გამაძლიერებელ ფაქტორადაც მოიაზრებდა (“აზრთა სხვადასხვაობა ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს”). აქ ჩანს სინამდვილეში, თუ რამდენად განსხვავდებოდა კომუნისტური და ნეოკომუნისტური მენტალიტეტის პიროვნებათაგან, რომლებისთვისაც ძალაუფლებაა მთავარი მიზანი და არა ხალხის მსახურება. არადა, საპირისპიროს აბრალებენ და ცილსა სწამებენ. თუმცა, ეს მათთან გამოდის, ვისთანაც გასდით. ფაქტობრივ დონეზე ისტორიის კარგად მცოდნე და ყოველი მოაზროვნე ადამიანი მშვენივრად აცნაურებს, რომ ასევე ცილისწამებას წარმოადგენდა ზვიად გამსახურდიასთვის ხისტი და წინდაუხედავი შეურიგებლობის დაბრალება. ფაქტების უკეთ გაცნობა კი სხვა სურათს გვაძლევს: აფხაზეთის ხაფანგში, რომელშიც სინამდვილეში ეროვნული ძალების მომწყვდევა და ამოწყვეტა იყო ერთ-ერთ მიზნად განზრახული, საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი ქვეყნის ინტერესების ქვეშ თვით ხუნტის სამხედრო პირების ჩაყენებას ახერხებს.

 

კიდევ უფრო ადრე, 1990 წელს, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის მიერ დაპყრობილ ქვეყანას წარმოადგენდა, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით ხდება ზვიად გამსახურდიას თვით მტრის სამხედრო ჩინოვნიკებთან შეხვედრა და საჯარო ეთერში საერთო დისკუსია, რომელიც თავისი შინაარსით მაშინდელ პირობებში საკმაოდ პროგრესული ხასიათისა იყო და კიდევ დიდხანს არ დაკარგავს აქტუალობას.

ფაქტია ისიც, რომ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. თუმცა, იგი გაზაფხულის უცილო მაცნეა და მისი გამოჩენა ყვავილობის დადგომის საწინდარია. თუკი საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელმა მოძრაობამ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მეთაურობით სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას მიაღწია, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ქართველი ერი მზადაა და მომწიფებული თავისუფლებისათვის (სამწუხაროდ, ამას არსებული მდგომარეობაც უსვამს ხაზს). ჩვენ ეს მტკივნეული გზა ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს. აქედან თანამედროვეობის სირთულეებიც, რომელთა დაძლევა საკუთარი რაობისა და კაცობრიობაში ჩვენი ადგილის გაცნობიერებით თუ დაიწყება მხოლოდ. ჩვენი ისტორიული ბედის ხელში მტკიცედ აღება კი სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა მტრებზე ზემოთქმული სულისკვეთებით გამარჯვებას-მათი შემომეგობრების მიღწევას, რაც არა ოდენ პროფესიულ კომპეტენტურობას საჭიროებს, არამედ შესაბამისი ხასიათის ხელახალ გამომუშავებასაც. ასეთია ქართველი ერის თავისუფლების საფუძველთა ჩემეული ხედვა.

Written by georgianeli

August 24, 2010 at 1:52 am

Posted in Uncategorized

Tagged with , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: