პოლიტიკური ფილოსოფია

Just another WordPress.com weblog

ვალერიან ვეკუას ენა, მამული, სარწმუნოების შესახებ გამოსაცემი წიგნის საშესავალო მიმოწერიდან

leave a comment »

გამარჯვება, ვალერი ბიძია.

ჩავუტარე რედაქტირება გამოთქმებს “ენა, მამული, სარწმუნოება”-ს შესახებ. არის რამდენიმე აზრობრივი თუ სტილისტური ხასიათის საკითხი, რომელიც გასარკვევია და უკეთ გამოსაკვეთი. ამაზე ცალკე, ან როცა შევხვდებით.

ილია ჭავჭავაძიდან მოყოლებული არაერთგზის გააზრებულა ეს ეროვნული წმინდა სამება და დაწერილა სხვა და სხვა სოციოლოგიური კვლევა, თუ ნარკვევი, მაგრამ სენტენციების სახით თქვენ სრულიად ორიგინალური ფორმისა და სიღრმის ფიქრთა კრებულს მოუყარეთ თავი, რაშიც მდგომარეობს კიდეც ნაშრომის უმთავრესი ღირსება.

განსხვავებულ დროს ინტერნეტ-სივრცეში გამოქვეყნებული მაქვს “ენისა” და “მამულის” კარედები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს თავისთავად სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ საკითხის გაშლას, ვფიქრობ, უფრო მეტი რეზონანსი შეიძლება მოჰყვეს ერის ბედზე, ყოფას, აწმყოსა და მომავალზე მოფიქრალ ადამიანებს შორის.

ამ შემთხვევაში, საგნის პოლიტიკური მხარე მაინტერესებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნაშრომის საფუძველი კენტი თეორიული ანალიზით კი არა, ცხოვრებისეული გამოცდილებითაა შედედებული. ამიტომაა, გამოკვეთილად ძლიერია ზნეობრივი პათოსი. ეს უკანასკნელი კი, დიდაქტიკური ხასიათისას ქმნის თქვენს “ენა, მამული, სარწმუნოება”-ს, რაც მისასალმებელია მსოფლიოს წამყვანი ძალების მიერ ნაწარმოებ უზნეო, დანაშაულებრივი და სისხლიანი საერთაშორისო პოლიტიკის პირობებში.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა დღევანდელ მაინც უფრო დაბალი აკადემიური შეგნების პირობებში უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია თვითონ პოლიტიკის არსი და განსაზღვრება, ამჯერად მისი საფუძვლების ჩამოყალიბება-განხილვას არ შევუდგები, რადგან ეს სრულიად ცალკე თემაა.

ჯერ კიდევ უძველესი ხანიდან მოყოლებული, ადამიანისა და საზოგადოების ყოფა სამყაროული წესრიგის შემადგენელ ნაწილად მოიაზრებოდა. ამ კოსმიური ჰარმონიის გამოხატულებას წარმოადგენდა ეგვიპტელების ქალღმერთი-მაატი, რომელიც თვით ღმერთების არსებობის მომწესრიგებელი ძალის სახით გვევლინებოდა. შუმერში გვაქვს დურ-ან-ქი (კავშირი ცასა და მიწას შორის), რაც არა მარტო ანტიკურობის უდიდეს ქალაქს-ბაბილონს, არამედ შუმერისა და ბაბილონის ხანის სხვა დიდ ქალაქ-სახელმწიფოებს აღნიშნავდა. ანუ არსობრივად, შუამდინარეთის პოლისების ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელებადი კავშირი მიწასა და ზეცას შორის წარმოადგენდა დაახლოებით იმას, როგორ ერთობასაც გულისხმობს დიმიტრი უზნაძის “განწყობის თეორია”-ში მოხსენიებული შინაგანი და გარე სამყაროს ურთიერთთანხვედრა.

ამ მითაჟამური ტრადიციის გაგრძელება იყო პრეელინურ კულტურებზე ამოზრდილ ძველბერძნულ ცნობიერებაში ადამიანის მნიშვნელობის ზრდა პოლიტიკურ მოღვაწეობასა და პოლისის ფარგლებში, სადაც ქალაქ-სახელმწიფო მოიაზრებოდა, როგორც ადამიანის შემოქმედების ნაყოფი (უღრმესი ესთეტიკური დატვირთვითაც). თუმცა, მაშინაც ელადის ქალაქების საუკეთესო შვილთა მისწრაფებას პოლისში დამყარებული წესრიგის სამყაროული ჰარმონიის მიხედვით გამართვა წარმოადგენდა. რენესანსული პერიოდისაგან განსხვავებით ანტიკური ხანის პოლიტიკოსისა და პოლიტიკურ საქმიანობაში განმსაზღვრელი იყო ქველი ზნეობა. ასწლეულების განმავლობაში შემთხვევით არ წარმოადგენდნენ სოკრატე, პლატონი, არისტოტელე, ციცერონი, სენეკა, კვინტილიანე, ბოეციუსი სასულიერო, თუ საერო ინტელიგენციის ორიენტირებს.

მაგრამ, აი, დადგა აღორძინების ხანა, სადაც დასავლეთის გვიან შუა საუკუნეების სულიერმა კრიზისებმა და აპოსტასიამ გონების პრიმატი გამოიწვია. ამის შედეგი იყო, მექანიკური მსოფლმხედველობის გაბატონება ჯერ აინშტაინის ფარდობითობის თეორიამდე, ხოლო შემდეგ კვანტურ მექანიკამდე.

რა მოვლენა იყო ეს?

თანამედროვე მეცნიერებების წარმოშობას საფუძველი ჩაუყარა ფრენსის ბეკონმა, როგორც მექანიციზმის თეორეტიკოსმა, ხოლო გალილეო გალილეიმ – როგორც პრაქტიკოსმა. სინამდვილის შესწავლა მათემატიკური მეთოდის მიხედვით დაიწყო, სადაც “საბუნებისმეტყველო ფილოსოფია” რეალობის ამა თუ იმ დეტალს იკვლევდა ნებისმიერი გარეპირობისაგან განკერძოებულად. ნაწილის შესწავლის მიზანი მთელის დაუფლება, შეცნობა გახდა, რადგან შემეცნება მოიაზრებოდა, როგორც ძალა და ადამიანის სამყაროზე გაბატონების საშუალება. შემეცნების პროცესის მთავარ მეთოდად ექსპერიმენტი იქცა.

სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება პოლიტიკური მეცნიერების დაბადება, როცა ნიკოლო მაკიაველიმ და თომას ჰობსმა მექანიკური მოდელი საზოგადოებისა და სოციალური ურთიერთობების შესწავლას მიუსადაგეს. შესაბამისად, ისინი პირველები იყვნენ, ვინაც პოლიტიკას და საზოგადოებას ზნეობისა და მეტაფიზიკისაგან დამოუკიდებლად იკვლევდნენ. ამიტომაა, საზოგადოებრივი ურთიერთობების განყენებული განხილვა უფრო მათი მოდელის სტრუქტურულ დადგინებამდე მიდის. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პოლიტიკური მეცნიერების მამები არ გამორიცხავდნენ ზნეობა-მეტაფიზიკის ურთიერთობას პოლიტიკასთან, როგორც ეს, სამწუხაროდ, არაერთ საკითხში ჩაუხედავ ადამიანს ჰგონია.

თომას ჰობსი სახელმწიფოს განიხილავს, როგორც ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობის (სადაც ადამიანი ადამიანისათვის მგელია, ანუ ყველა ყველას წინააღმდეგ, რადგან თვითგადარჩენის ინსტინქტი სხვის თავისუფლებას ან პიროვნებას შეიძლება ვნებდეს, ზიანი მოჰქონდეს) შემზღუდველ მექანიზმად, სადაც მისი თითოეული წარმომადგენელი თანასწორია სახელმწიფოს წინაშე. აქვე შემუშავებულ იქნა ანტიკურისაგან განსხვავებულ ახალ ხანაში გაჩენილი კონცეცია სახელმწიფოს შესახებ: თუკი პლატონ-არისტოტელესთან სახელმწიფო ჭეშმარიტებამდე მისაღწევი საშუალებაა, შუალედური მექანიზმია ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ბედნიერების მისაღწევად (ეუდაიმონია), აქ თვითონ სახელმწიფო აწესებს ჭეშმარიტებას, აკანონებს ზნეობას. თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ამ მიმართებამ მაშინ, როცა საზოგადოება ფსევდო-ღირებულებებითაა მართული და მათ ემყარება, ამის უცხადესი მაგალითი XX საუკუნე იყო. როდესაც ზნეობრივი პოლიტიკის კონცეფციით სახელმწიფოს სათავეში უზნეოთა მთავრობაა მოქცეული, ან საზოგადოებაა უზნეო, ან ორივე ერთად (კიდევ უარესი), მაშინ უზნეობის ნორმადქცევის ტენდენცია იძალებს, ან უზნეობა იქცევა საზოგადოებრივ ნორმად. გასული და ჩვენი ასწლეულის პერიოდში დამყარებული ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმები (მათ შორის, ჩვენს სამშობლოში) ამაზე ნათლად მეტყველებენ. ამად, არაორაზროვანია თქვენი სენტენციების ზნეობრივ-დიდაქტიკური ხასიათის მნიშვნელობა ჩვენს ქვეყანაში ეროვნული პოლიტიკური ამინდის დაკნინების პირობებში და მათი აქტუალურობა თანამედროვე ქართულ, თუ მსოფლიო პოლიტიკაში.

2008 წელი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: