პოლიტიკური ფილოსოფია

Just another WordPress.com weblog

Posts Tagged ‘არისტოტელე

ზნეობა და სულიერება

with one comment

ზნეობას არსებითი მნიშვნელობა აქვს კულტურებისა და ცივილიზაციების სიცოცხლისუნარიანობისათვის. კიდევ უფრო-სულიერებას. პირველიც და მეორეც მუდამჟამს განსაზღვრავდა, ახლაც განაპირობებს და მომავალშიც იქონიებს გადამწყვეტ მნიშვნელობას ხალხებისა და ერების კულტურული არსებობისა და გაქრობის პროცესში.

თუკი გადავხედავთ ფილოსოფიური აზრის განვითარების ისტორიას, დღემდე საკმარისად არიან სიბრძნის ის მოყვარულები, ვინც ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში აყენებენ ზნეობრიობის პრიმატს. ფილოსოფია თავიდანვე ნიშნავდა ცხოვრების წესს. ეს ახალ ეპოქაშია, რომ მას ოდენ თეორიული საქმიანობის სახე მიეცა, რაც საგულისხმო მომენტია. აი, რატომ: ქრისტემდელი პერიოდი შედგება ძველი აღთქმისა და ძველანტიკური ტრადიციებისაგან. პირველი ემყარებოდა სჯულს, კანონს, უფლის მიერ გადმოცემულ სამართალს, რაც ყოვლადძლიერს აცხადებდა სამართლიან ღმერთად, უზენაეს მართლსაჯულად; მეორე კი ჩამოყალიბდა ელინური და რომაული ტრადიციებისაგან, რომელთა უზენაეს მიღწევას ასევე ზნეობა და სამართლის მომენტი წარმოადგენდა. ვხედავთ, ორივეგან ძირეულია მორალი და კანონი, მაგრამ თუ ძველაღთქმისეულ შემთხვევაში ზნეობისა და სამართლის წყარო უპირობოდ მონოთეისტურია, ღმერთიდან მომდინარეობს, ძველანტიკურობის შემთხვევაში მართალია, კანონის წარმომავლობა ისევ და ისევ ცასთანაა დაკავშირებული და წარმართულობაზე, მრავალღმერთიანობაზე დაფუძნებული საკრალური პროცესის შედეგს წარმოადგენს (ius naturale), თუმცა და ამავე დროს, რაციონალიზებულია და დიდწილად შეიცავს ადამიანთა მიერ შემუშავებულ კანონთა წყებასაც (jus in civitate positum). თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ძველანტიკური ზნეობისა და სამართლის ტრადიცია უფრო “საერო” ხასიათისაა.

აღსანიშნავია, რომ არსებობს ნიშანდობლივი სახესხვაობა ძველაღთქმისეულ და ძველანტიკურ ზნეობას შორის. თუკი ქრისტემდელი ბიბლიური ზნეობა უპირველესად და უპირატესად ღმერთთან კავშირითაა განსაზღვრული და ეკლესიური ერთიანობის წინაპირობას წარმოადგენს (შეიძლება ვთქვათ, ვერტიკალურია და უფრო ახლოს დგას სულიერებასთან), მეორე უფრო ადამიანებს შორის ურთიერთობას აყალიბებს და ქმნის საზოგადოებას (ჰორიზონტალურია და თავისი ხასიათით პოლიტიკური). ასევე, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ელინური ეთიკა და რომაული მორალი აზრობრივი სიახლოვის გამო ერთი შეხედვით და შეცდომით ხშირად სინონიმებად მიიჩნევიან და ორივე ითარგმნება როგორც ზნე, ჩვეულება, ქცევა, ძველბერძნული Ethos [1] და ლათინური Moralis განსხვავდება ერთმანეთისაგან. ეთიკა ადამიანის შინაგან ბუნებას შეესაბამება, თეორიული ხასიათისაა და საკუთარი თავის შეცნობიდან გამომდინარეობს. მას სოკრატემ დაუდო საფუძველი, შემდეგ პლატონმა განავითარა და როგორც ელინურ წიაღში წარმოქმნილი მეცნიერება, არისტოტელემ ჩამოაყალიბა თავის „ნიკომაქეს ეთიკა“-სა და „რიტორიკა“-ში, თორემ როგორც ასეთი, პარალელურად აღმოსავლეთშიც არსებობდა ჯერ კიდევ პლატონის მასწავლებლის ცხოვრების პერიოდში (ვგულისხმობთ კუნ-ფუ-ძის შემთხვევას). ეთიკის ისტორიულმა განვითარებამ საბოლოოდ მორალის შესახებ მოძღვრების, მორალის ფილოსოფიის სახე მიიღო. რომაული ზნეობის წარმოშობის ისტორია კი ციცერონიდან იღებს სათავეს, რომელმაც თავისი ნაშრომში „ბედისწერის შესახებ“ ბერძნული Ethikos ლათინურად თარგმნა, როგორც მორალი. ეს უკანასკნელი ზნეობის გამოვლინების უფრო პრაქტიკული მახასიათებლის აღმნიშვნელია და ადამიანის საზოგადოებაში, ადამიანებს შორის მოქცევას ასახავს. ლათინური ტერმინი Moralis სათავეს იღებს Mos-იდან, რომელიც მხოლობით რიცხვში ნიშნავს ადათს, მრავლობით რიცხვში კი იქნება Mores, ანუ ადათები. სამართლის მკვლევართა აზრით ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნის ნახევარში რომში მიღებული თორმეტი ტაბულის კანონთა კრებული ელადიდან მიღებულ კანონმდებლობით ინოვაციასთან ერთად წარმოადგენდა ლათინებში მანამდე არსებული ადათური სამართლის რედაქტირებულ ნაზავს.


ამასთანავე, საჭიროა ხაზი გაესვას დიფერენციაციას ანტიკური სამყაროს შიგნით სამართლის განსხვავებული რაობის თაობაზე, რის აღმნიშვნელად სახეზე გვაქვს კანონის ელინური შესატყვისი Nomos და რომაული Lex. ის, რაც მათ აერთიანებს, ორთავეს კონვენციური ხასიათია, მაგრამ რაც ერთმანეთისაგან ასე აშორიშორებს, მათი მოქმედების არეალია.


ელინებისათვის კანონი დაკავშირებული იყო გარკვეული პოლიტიკური სივრცის შემოხაზვასთან, რომელიც გარესამყაროსათვის ჩაკეტილ რეალობას წარმოადგენდა, ხოლო შინაგანად მის თითოეულ თავისუფალ წარმომადგენელს უზარმაზარი პოლიტიკური უფლებებით მოსავდა. ბერძნული პოლისების მკვიდრთათვის საკუთარ ქალაქში მიღწეული მდგომარეობის დაკარგვა დიდ უბედურებას წარმოადგენდა, რადგან სხვა პოლისში უცხოელებად ჩაითვლებოდნენ და უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, იურიდიულად უკვე ვერ ისარგებლებდნენ მსგავსი პრივილეგიებით, რომელთა შორის უმთავრესი იყო კუთხური ხასიათის სამოქალაქო თავისუფლება. სამართალმდებელს თითქმის ყოველთვის უცხოეთიდან, ან სამეზობლოდან იწვევდნენ და ლეგენდარულობის ბურუსში ხვევდნენ. თუკი თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანი ანთროპოლოგის, ფრანგი რენე ჟირარის „მიმეტიკური თეორიის“ ჭრილში განვიხილავთ, ძველბერძენი კანონმდებლების მოღვაწეობა ამა თუ იმ საზოგადოების ძირეულ ცვლილებებსა და ახალი წესრიგის დამყარების ისტორიულ მომენტებს უკავშირდება, რასაც თავიანთი სიცოცხლე შესწირეს და შემდეგ მოსახლეობის მიერ იქნენ განდიდებულნი. ერთ პოლისში არსებული სამართლებრივი ამინდი მის წევრებს შორის რაციონალური შეთანხმების შედეგს წარმოადგენდა. არაა შემთხვევითი, რომ პოლისის გულისგული იყო აგორა, რომელიც ჰომეროსულ ტრადიციაზე აღმოცენდა. მასში ქალაქის თითოეული მოსახლის კონფლიქტურობა ერთმანეთში გამართული ინტენსიური განხილვების მეშვეობით მინიმუმამდე იყო დაყვანილი და საუკეთესო შვილთა თავშეყრა-მოქმედების ასპარეზად ითვლებოდა. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ელადის ქალაქებში ისე, როგორც არასდროს, ძალიან მაღალი იყო გენიოსთა თავმოყრის კოეფიციენტი. ის, რომ პოლისის შიგნით დეზინტეგრაციული პროცესები იხშობოდა, რომ ყველაფერი მიმართული იყო სინერგიული პოლიტიკური პარადიგმის პოვნისა და მისი განხორციელებისაკენ, რომ თუ საჭირო იქნებოდა, ძალა საგარეო პოლიტიკაში გამოეყენებინათ, უკვე ინდოევროპული ელადის სივრცის მასშტაბით პირველად გააზრებულ იქნა “ილიადა” და “ოდისეას” პოეტიკაში, სადაც ჰომეროსმა მიკენურ და ტროას ცივილიზაციებს შორის გიგანტური შეჯახება განიხილა, როგორც საერთო შეთანხმების ვერმიღწევის გამო ორივე მხარის ტრაგედია. აი, აქ გამოჩნდა ბერძნული Nomos-ის შინაგანი ბუნების შესაძლებლობებისა და შეზღუდულობის ზღვარი, რომელიც ვერ იქნა გადალახული ელინებისაგან. ზუსტად ეს მენტალური იზოლირება აღმოჩნდა ბერძნული ცივილიზაციის დაისის მიზეზი, რომლის ნაკლოვანების რაობა ინდივიდუალურ პლანში სოკრატეს პროცესმაც ცხადჰყო.


ელადური პოლისის შიგნით, რომელიც დაყოფილი იყო კერძო და საჯარო სფეროებად, ეს უკანასკნელი ითვლებოდა ამაო და ფუჭი ცხოვრების სიყვარულის, ფილოფსიქიის (Philopsychia) საპირისპირო განზომილებად, სადაც წარმოებდა თავისუფალ ბერძენთა ეთიკური აქტიურობა. ოჯახი წარმოადგენდა საზოგადოების საფუძველს; მიეკუთვნებოდა კერძო სფეროს, მაგრამ სწორედ მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობა ითვლებოდა ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების საწინდარად. ქართული ფილოსოფიის სინამდვილეში ფილოფსიქიურ და ეთიკურად აქტიურ ცხოვრებას შორის მსგავსი განსხვავება მშვენივრადაა გადმოცემული ზურაბ კაკაბაძის ლექსში (კიდევ უფრო ადრე ქართულ მწერლობაში, გენიალური ვაჟა-ფშაველას “გველისმჭამელში”, სადაც მინდია დგება ცდუნების წინაშე, ოჯახის წუთისოფლურ საჭიროებებს ანაცვალოს საზოგადოებრივი):


“ოჯახის ალერსით თავს იგრძნობ მშვენივრად,
არცთუ შეგიძლია სხვა ფიქრით ღელავდე,
ეგ ცოლი შენია, ეგ ბავშვი შენია,
და ხარ კმაყოფილი ყელამდე.
არასდროს არა ხარ შენ გულდაწყვეტილი,
როცა გაქვს ცხოვრება მდორე და მშვიდი:
მსოფლიოს რუკაზე შენ ორი წერტილი
გაქვს მიგნებული: ცოლი და შვილი,
არცთუ შეგიძლია სხვა რასმე ხედავდე
და ხარ კმაყოფილი ყელამდე.
მკვდარი ხარ, მკვდარი ხარ, დავდგები თავდებად,
მკვდარი ხარ და ცოცხლებს ამაოდ ედრები;
სიცოცხლე იწყება იქ, სადაც თავდება
მაგ შენი პატარა ოჯახის კედლები”.


ქრისტემ მოახდინა კაცობრიობის ზნეობისა და სამართლის მომდევნო, კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა, როდესაც დედამიწაზე ცხოვრებით განახორციელა მათი სიყვარულით გასულიერება. ამით ძველაღთქმისეული ღმერთი, რომელიც ადამის დაცემიდან ქრისტეს მოსვლამდე წარმოადგენდა სამართლიანს და ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო მკაცრიც და დამსჯელიც, ამასთანავე გამოვლინდა მოსიყვარულე ღმერთად და გაცხადდა მისი ძველაღთქმაშივე მინიშნებული საიდუმლო სახელი: წმინდა სამება (სულიწმინდა ღმერთია სიყვარულის ასპექტში). ღმერთის სიყვარულის გასაოცარი აქტი იყო ის, რომ მან თავისი ძე მოუვლინა კაცობრიობას ამ უკანასკნელის ცოდვათა გამოსასყიდლად და უფალში დაბრუნების გზის მისაცემად. მაშასადამე, ახალი აღთქმის უმთავრეს კანონად და ადამიანთაშორის ურთიერთობების საფუძლად იქცა თვითონ სიყვარული.


რატომ არ მოხდა ამ უდიდესი სულიერი განახლების, ქრისტიანული პრინციპების გამარჯვება დასავლეთში? რატომაა, რომ დასავლური სამყარო დღემდე ვერა და ვერ ცდება სამართლიანობაზე, თავისუფლებაზე დისკურსისა და ამ დებატების აქტუალურობის ზღვარს, რომელმა ტრადიციამაც XX საუკუნის მეორე ნახევრის პოლიტიკურ ფილოსოფიას მნიშვნელოვანი წარმომადგენლები მისცა (თუკი ბერდიაევის თავისუფლების ფილოსოფია სულიერ განზომილებაში ვითარდება, ჰანნა არენდტთან მას უფრორე ზნეობრივ-პოლიტიკური მიმართულება აქვს)?


იკვეთება ორი მიზეზი:


პირველი – დასავლეთი არის ძველანტიკური ტრადიციის უშუალო მემკვიდრე და გამგრძელებელი ისე, რომ შინაგანად დღემდე რჩება წარმართი. დასავლეთის გაქრისტიანება მხოლოდ გარეგნული აქტი იყო და ასეთად რჩება აქამომდე, რადგან იგი უფრო ფილოსოფიურია, ვიდრე ქრისტეს მოძღვრების განმხორციელებელი. აქედან დასავლური სეკულარიზმის ინტენსიურობა. ფილოსოფიას მეტს ვერც მოვთხოვთ, რადგან მისი ზღვარი სწორედ ზნეობრიობაზე გადის; აქ იწურება ფილოსოფიის შესაძლებლობები, რაც ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს იგი წინააღმდეგობაში მოდის ქრისტიანობასთან. პირიქით, უდიდეს ქრისტიან წმინდა მამებს ბრწყინვალე ფილოსოფიური განათლება ჰქონდათ და მშვენივრად იყენებდნენ მას თავიანთ მოღვაწეობაში. მათ ფილოსოფია გააქრისტიანეს და იგივე განახორციელეს, რაც ქრისტემ-ძველაღთქმისეულ ტრადიციასთან მიმართებით. აქვე ვუსვამთ ხაზს იმას, რომ ქრისტიანობა უპირველეს ყოვლისა ქრისტიანული სიყვარულის პრინციპების განხორციელებაა, ცხოვრების წესია, პრაქსისია და არა ისტიტუციონალურ-ადმინისტრაციული და ადათური რელიგიურობა. ეს უკანასკნელი მახასიათებელი ადამიანთაშორის ურთიერთობების ტექნიკური და გარეგნული მხარეა. იგი უფრო დასავლეთისათვისაა ნიშანდობლივი და შემდეგში ევროპის სასულიერო ორდენების აგებულების მსგავსი პოლიტიკურ პარტიების სეკულარიზირებული პროტოტიპია, რაც ამავე დროს, ძალაუფლებისა და მართვის ეფექტურ საშუალებასაც წარმოადგენს. სულიერი განათლების გარეშე რომ ძალასა და მძლავრ კომანდურ სისტემებს ტოტალიტარიზმამდე მივყავართ, ამის ტრაგიკული მაგალითი თვითონ XX საუკუნის ისტორიული პერიპეტიებია.


მეორე: ის, რომ ქრისტემდელი ცალკერძი ზნეობა და სამართალი სიყვარულისმიერი გულისხედვის გარეშე არ არის საკმარისი, ელინებში ჯერ სოკრატეს სიკვდილმა და შემდეგ, იერუსალიმში მაცხოვრის ჯვარცმის ეპიზოდებმაც ნათლად დაამტკიცეს. დასავლეთში ანტიკური და ძველაღთქმისეული მორალი დადგა გზასაყართან აერჩია ქრისტეს, ან ბარაბას გზა; ეს დილემა დასავლურ სამყაროს დღემდე წითელ ზოლად გასდევს. სულიერი დაღმასვლით მავალმა კაცობრიობამ ევროპაში შუა საუკუნეების კრახის შემდეგ და განსაკუთრებით ახალი ეპოქის დადგომასთან ერთად კიდევ უფრო წინ წაიწია საავაზაკო გზაზე სიარულში, რისი შედეგიც იყო ერთის მხრივ, ჯუნგლების მტაცებლურ კანონებზე დამყარებული კაპიტალიზმი და მეორეს მხრივ, თავისუფალ პიროვნებათა ცნობიერების (ქართული ეთიკური გაგების კაცი. არ აგვერიოს პიროვნების კულტში) ჩამხშობი სოციალიზმი. პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკურ დონეზე მოხდა ამ კრიზისისადმი შეწინააღმდეგება, იყო შარლ დე გოლის მაგალითი, რომლის მოღვაწეობაც სწორედ მესამე გზის ძიებას წარმოადგენდა.


(დასასრული იქნება)


ბიზანტია – მესამე რომი – გელათისა და იყალთოს აკადემიის სულიერი იდეალები – საქართველოს სულიერი მისია – ზვიად გამსახურდიას “დილემა კაცობრიობის წინაშე”


[1]Ethics.The explicit, philosophical reflection on moral beliefs and practices. The difference between ethics and morality is similar to the difference between musicology and music. Ethics is a conscious stepping back and reflecting on morality, just as musicology is a conscious reflection on music.


Written by georgianeli

September 25, 2010 at 4:14 pm

Posted in Uncategorized

Tagged with , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

ვალერიან ვეკუას ენა, მამული, სარწმუნოების შესახებ გამოსაცემი წიგნის საშესავალო მიმოწერიდან

leave a comment »

გამარჯვება, ვალერი ბიძია.

ჩავუტარე რედაქტირება გამოთქმებს “ენა, მამული, სარწმუნოება”-ს შესახებ. არის რამდენიმე აზრობრივი თუ სტილისტური ხასიათის საკითხი, რომელიც გასარკვევია და უკეთ გამოსაკვეთი. ამაზე ცალკე, ან როცა შევხვდებით.

ილია ჭავჭავაძიდან მოყოლებული არაერთგზის გააზრებულა ეს ეროვნული წმინდა სამება და დაწერილა სხვა და სხვა სოციოლოგიური კვლევა, თუ ნარკვევი, მაგრამ სენტენციების სახით თქვენ სრულიად ორიგინალური ფორმისა და სიღრმის ფიქრთა კრებულს მოუყარეთ თავი, რაშიც მდგომარეობს კიდეც ნაშრომის უმთავრესი ღირსება.

განსხვავებულ დროს ინტერნეტ-სივრცეში გამოქვეყნებული მაქვს “ენისა” და “მამულის” კარედები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს თავისთავად სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ საკითხის გაშლას, ვფიქრობ, უფრო მეტი რეზონანსი შეიძლება მოჰყვეს ერის ბედზე, ყოფას, აწმყოსა და მომავალზე მოფიქრალ ადამიანებს შორის.

ამ შემთხვევაში, საგნის პოლიტიკური მხარე მაინტერესებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნაშრომის საფუძველი კენტი თეორიული ანალიზით კი არა, ცხოვრებისეული გამოცდილებითაა შედედებული. ამიტომაა, გამოკვეთილად ძლიერია ზნეობრივი პათოსი. ეს უკანასკნელი კი, დიდაქტიკური ხასიათისას ქმნის თქვენს “ენა, მამული, სარწმუნოება”-ს, რაც მისასალმებელია მსოფლიოს წამყვანი ძალების მიერ ნაწარმოებ უზნეო, დანაშაულებრივი და სისხლიანი საერთაშორისო პოლიტიკის პირობებში.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა დღევანდელ მაინც უფრო დაბალი აკადემიური შეგნების პირობებში უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია თვითონ პოლიტიკის არსი და განსაზღვრება, ამჯერად მისი საფუძვლების ჩამოყალიბება-განხილვას არ შევუდგები, რადგან ეს სრულიად ცალკე თემაა.

ჯერ კიდევ უძველესი ხანიდან მოყოლებული, ადამიანისა და საზოგადოების ყოფა სამყაროული წესრიგის შემადგენელ ნაწილად მოიაზრებოდა. ამ კოსმიური ჰარმონიის გამოხატულებას წარმოადგენდა ეგვიპტელების ქალღმერთი-მაატი, რომელიც თვით ღმერთების არსებობის მომწესრიგებელი ძალის სახით გვევლინებოდა. შუმერში გვაქვს დურ-ან-ქი (კავშირი ცასა და მიწას შორის), რაც არა მარტო ანტიკურობის უდიდეს ქალაქს-ბაბილონს, არამედ შუმერისა და ბაბილონის ხანის სხვა დიდ ქალაქ-სახელმწიფოებს აღნიშნავდა. ანუ არსობრივად, შუამდინარეთის პოლისების ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელებადი კავშირი მიწასა და ზეცას შორის წარმოადგენდა დაახლოებით იმას, როგორ ერთობასაც გულისხმობს დიმიტრი უზნაძის “განწყობის თეორია”-ში მოხსენიებული შინაგანი და გარე სამყაროს ურთიერთთანხვედრა.

ამ მითაჟამური ტრადიციის გაგრძელება იყო პრეელინურ კულტურებზე ამოზრდილ ძველბერძნულ ცნობიერებაში ადამიანის მნიშვნელობის ზრდა პოლიტიკურ მოღვაწეობასა და პოლისის ფარგლებში, სადაც ქალაქ-სახელმწიფო მოიაზრებოდა, როგორც ადამიანის შემოქმედების ნაყოფი (უღრმესი ესთეტიკური დატვირთვითაც). თუმცა, მაშინაც ელადის ქალაქების საუკეთესო შვილთა მისწრაფებას პოლისში დამყარებული წესრიგის სამყაროული ჰარმონიის მიხედვით გამართვა წარმოადგენდა. რენესანსული პერიოდისაგან განსხვავებით ანტიკური ხანის პოლიტიკოსისა და პოლიტიკურ საქმიანობაში განმსაზღვრელი იყო ქველი ზნეობა. ასწლეულების განმავლობაში შემთხვევით არ წარმოადგენდნენ სოკრატე, პლატონი, არისტოტელე, ციცერონი, სენეკა, კვინტილიანე, ბოეციუსი სასულიერო, თუ საერო ინტელიგენციის ორიენტირებს.

მაგრამ, აი, დადგა აღორძინების ხანა, სადაც დასავლეთის გვიან შუა საუკუნეების სულიერმა კრიზისებმა და აპოსტასიამ გონების პრიმატი გამოიწვია. ამის შედეგი იყო, მექანიკური მსოფლმხედველობის გაბატონება ჯერ აინშტაინის ფარდობითობის თეორიამდე, ხოლო შემდეგ კვანტურ მექანიკამდე.

რა მოვლენა იყო ეს?

თანამედროვე მეცნიერებების წარმოშობას საფუძველი ჩაუყარა ფრენსის ბეკონმა, როგორც მექანიციზმის თეორეტიკოსმა, ხოლო გალილეო გალილეიმ – როგორც პრაქტიკოსმა. სინამდვილის შესწავლა მათემატიკური მეთოდის მიხედვით დაიწყო, სადაც “საბუნებისმეტყველო ფილოსოფია” რეალობის ამა თუ იმ დეტალს იკვლევდა ნებისმიერი გარეპირობისაგან განკერძოებულად. ნაწილის შესწავლის მიზანი მთელის დაუფლება, შეცნობა გახდა, რადგან შემეცნება მოიაზრებოდა, როგორც ძალა და ადამიანის სამყაროზე გაბატონების საშუალება. შემეცნების პროცესის მთავარ მეთოდად ექსპერიმენტი იქცა.

სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება პოლიტიკური მეცნიერების დაბადება, როცა ნიკოლო მაკიაველიმ და თომას ჰობსმა მექანიკური მოდელი საზოგადოებისა და სოციალური ურთიერთობების შესწავლას მიუსადაგეს. შესაბამისად, ისინი პირველები იყვნენ, ვინაც პოლიტიკას და საზოგადოებას ზნეობისა და მეტაფიზიკისაგან დამოუკიდებლად იკვლევდნენ. ამიტომაა, საზოგადოებრივი ურთიერთობების განყენებული განხილვა უფრო მათი მოდელის სტრუქტურულ დადგინებამდე მიდის. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პოლიტიკური მეცნიერების მამები არ გამორიცხავდნენ ზნეობა-მეტაფიზიკის ურთიერთობას პოლიტიკასთან, როგორც ეს, სამწუხაროდ, არაერთ საკითხში ჩაუხედავ ადამიანს ჰგონია.

თომას ჰობსი სახელმწიფოს განიხილავს, როგორც ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობის (სადაც ადამიანი ადამიანისათვის მგელია, ანუ ყველა ყველას წინააღმდეგ, რადგან თვითგადარჩენის ინსტინქტი სხვის თავისუფლებას ან პიროვნებას შეიძლება ვნებდეს, ზიანი მოჰქონდეს) შემზღუდველ მექანიზმად, სადაც მისი თითოეული წარმომადგენელი თანასწორია სახელმწიფოს წინაშე. აქვე შემუშავებულ იქნა ანტიკურისაგან განსხვავებულ ახალ ხანაში გაჩენილი კონცეცია სახელმწიფოს შესახებ: თუკი პლატონ-არისტოტელესთან სახელმწიფო ჭეშმარიტებამდე მისაღწევი საშუალებაა, შუალედური მექანიზმია ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ბედნიერების მისაღწევად (ეუდაიმონია), აქ თვითონ სახელმწიფო აწესებს ჭეშმარიტებას, აკანონებს ზნეობას. თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ამ მიმართებამ მაშინ, როცა საზოგადოება ფსევდო-ღირებულებებითაა მართული და მათ ემყარება, ამის უცხადესი მაგალითი XX საუკუნე იყო. როდესაც ზნეობრივი პოლიტიკის კონცეფციით სახელმწიფოს სათავეში უზნეოთა მთავრობაა მოქცეული, ან საზოგადოებაა უზნეო, ან ორივე ერთად (კიდევ უარესი), მაშინ უზნეობის ნორმადქცევის ტენდენცია იძალებს, ან უზნეობა იქცევა საზოგადოებრივ ნორმად. გასული და ჩვენი ასწლეულის პერიოდში დამყარებული ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმები (მათ შორის, ჩვენს სამშობლოში) ამაზე ნათლად მეტყველებენ. ამად, არაორაზროვანია თქვენი სენტენციების ზნეობრივ-დიდაქტიკური ხასიათის მნიშვნელობა ჩვენს ქვეყანაში ეროვნული პოლიტიკური ამინდის დაკნინების პირობებში და მათი აქტუალურობა თანამედროვე ქართულ, თუ მსოფლიო პოლიტიკაში.

2008 წელი

Follow

Get every new post delivered to your Inbox.